ახალციხეში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა
ახალციხეში, რაბათის უბანში, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა.
შემთხვევა დღეს, 25 ივლისს მოხდა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, ქალს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, ცოლ–ქმარი ცალ–ცალკე ცხოვრობდა. მათ ერთმანეთთან უსიამოვნება ჰქონდათ. რატომ დაჭრა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე – კონკრეტულ მიზეზს მეზობლები ვერ ასახელებენ. მათივე ცნობით, შემთხვევა ქალის სახლში, დილის საათებში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117–ე და 236–ე მუხლით მიმდინარეობს.
11 პრიმა მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, 117–ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ხოლო 236–ე მუხლი – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას.