ქალის ქამრით ცემის გამო, ახალციხეში, მოძალადეს პატიმრობა შეეფარდა
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
27 წლის მამაკაცს ბრალად, ქალის ცემა, ქამრის მრავალჯერ გამოყენებით ედება.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა – ბრალდებული გირაო სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, არ დააკმაყოფილა. ადვოკატის თქმით, მისი დაცივის ქვეყ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს, გარდა ამისა, წყვილს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მისი პატიმრობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება, თავად კი სამსახურს ჰკარგავს. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, მოსამართლემ ეს გარემოებები არ გაიზიარა.
"ჩვენმა სიყვარულმა არაერთ სირთულეს გაუძლო, ოჯახიდან ორივე წამოვედით და ქირით ვცხოვრობთ. სახლში მცირეწლოვანი გვყავს, რომელსაც განსაკუთრებული კვება სჭირდება. გვირაბში ვმუშაობ და იქვე ვცხოვრობ. ახალციხეში კვირაში ერთხელ ჩამოვდივარ. გამიშვით და გვირაბიდან საერთოდ აღარ გამოვალ, აღარც სასმელს გავეკარები" – მიმართა ბრალდებულმა მოსამსართლეს.
პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის ინფორმაციით, ძალადობა 23 ივლისს ღამის 02:00 საათზე მოხდა. არაფზიხელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ქალი, ეჭვიანობისა და შელაპარაკების ნიადაგზე, ქამრის გამოყენებით სცემა. მას დაზიანებები ხელისა და წელის არეში აღენიშნება.
პროკურორმა სასამართლოს წინაშე, ქალის დაზიანებების შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. გარდა ამისა, კახაბერ ლეკიშვილმა ისაუბრა ბრალდებულის შემაკავებელ და დამცავ ორდერებზე, რომელიც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორჯერ – 30 აპრილსა და 8 ივნისს გამოსცა, ბრალდებულის მიერ ქალის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
"მიუხედავად ამისა, ბრალდებულულმა არაფრად ჩააგდო არც შემაკავებელი, არც დამცავი ორდერი და ისევ ჩაიდინა დანაშაული" – განაცხადა სასამართლოზე კახაბერ ლეკიშვილმა.
ბრალდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი ქალთან, რომელზეც იძალადა, უკანონოდ ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოზე იგი მოიხსენიებოდა, როგორც ბრალდებულის მეუღლე.
მისი პირველი ცოლ–შვილი დედამთილ–მამამთილის ოჯახში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც შვილი სხვა ქალის გვერდით შეამჩნიეს, დედ–მამამ იგი ოჯახიდან გამოაძევა.
27 წლის მამაკაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირება გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებას გეგმავს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.