საზოგადოება
რკინიგზის მუშებს სახელფასო დავალიანება დათქმულ დროს არ მისცეს
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისთვის, რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ჯერ კიდევ არ აუნაზღაურებიათ. შპს „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალში“ ოთხ ივლისს განგვიცხადეს, რომ ახალქალაქის მონაკვეთზე დასაქმებულ მუშებს, რომლებიც 30 ივნისს გაიფიცნენ, დავალიანებას ხუთ დღეში დაუფარავდნენ. 10 ივლისს კი გვითხრეს, რომ საბანკო პროცედურები მიმდინარეობს და მუშები შრომის ანაზღაურებას 12 ივლისს აუცილებლად მიიღებენ.
„თანხა აზერბაიჯანული ბანკიდან უკვე გადმორიცხულია, ველოდებით ჩვენს ანგარიშზე როდის აისახება. ხვალ ან მაქსიმუმ, ზეგ დავარიგებთ. ყველა თანამშრომელს გავუსტუმრებთ, მაგრამ ჯერ სავარაუდოდ, ორი თვის ხელფასს გადავუხდით, რამდენი იქნება ტრანში ამაზეა დამოკიდებული. თვის ბოლოს ველოდებით მეორე ნაწილს და დავალიანებას სრულად მაშინ დავფარავთ“, - გვითხრა „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალის“ დირექტორის თანაშემწე ერეკლე შენგელიამ.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთზე დასაქმებული მუშების ნაწილი, რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, სამსახურში აღარ მივიდა. კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისა და დაპირების შემდეგ, დასაქმებულები სამუშაო ადგილებს რამდენიმე დღეში დაუბრუნდნენ. ახალქალაქში ვაგზლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაახლოებით, 50-60 პირი მუშაობს.
სამუშაოების გენერალური შემკვეთი „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალია“. მისი ქვეკონტრაქტორი კი შპს „დემირიოლსერვისი“.
გააზიარეთ :