საზოგადოება
„მუშებს სახელფასო დავალიანებას ცხრა ივლისს ავუნაზღაურებთ“, - დამსაქმებელი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს, სახელფასო დავალიანებას ხუთ დღეში აუნაზღაურებენ. ამის შესახებ შპს „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალში“ განგვიცხადეს. დირექტორის თანაშემწის თქმით, გაფიცული მუშები კუთვნილ ხელფასს სამშაბათს მიიღებენ. ერეკლე შენგელია მუშებისთვის ანაზღაურების გადაუხდელობის მიზეზად, ხელშეკრულების ამოწურვას ასახელებს.
„მათი გულისწყრომა სამართლიანია, თუმცა ამას აქვს ობიექტური მიზეზები. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ და კომპანია „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალს“ შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. მუშებს ავუხსენით, რომ ხელშეკრუელბის განახლების პროცედურებს დრო უნდოდა. ზოგმა გაიგო და მუშაობს, ზოგმა ვერ გაიგო და შეაჩერა სამუშაოები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გაჩერდა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ხუთი გაიფიცება თუ ორასი. ყველას უნდა გადავუხადოთ დავალიანება.
ახალ ხელშეკრულებას ხელი 2 ივლისს მოეწერა. მუშების დავალიანება არის 2-3 თვის. სამშაბათს, 9 ივლისს ხელფასებს სრულად გავცემთ“, - გვითხრა „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალის“ დირექტორის თანაშემწე ერეკლე შენგელიამ. მისივე თქმით, მშენებლობა სრულად არ შეჩერებულა. ახალქალაქში მიმდინარეობს ვაგზლის მოწყობის სამუშაოები. აქ დაახლოებით, 50-60 პირია დასაქმებული.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი, მეოთხე დღეა ობიექტზე არ მიდის. გაფიცულები ამბობენ, რომმ მუშაობას იქამდე არ გააგრძელებენ, სანამ რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანებას არ აუნაზღაურებენ.
სამუშაოების გენერალური შემკვეთი „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალია“. მისი ქვეკონტრაქტორი კი შპს „დემირიოლსერვისი“.
გააზიარეთ :