საზოგადოება
უწყლოდ დარჩენილი 20-მდე სასტუმრო ბაკურიანში
მეოთხე დღეა წყალმომარაგების პრობლემის შესახებ ჩივიან ბაკურიანში. დაბას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ღამის 12-დან დილის 9 საათამდე კი მომარაგება წყდება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა აღმაშენებლის და წაქაძის ქუჩებზე, სადაც 20-მდე სასტუმროა განთავსებული.
წყალმომარაგების გარდა, ბაკურიანში სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემაც არსებობს, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელია. ეს ქუჩებზე ტროტუარების გაუმართაობასა და პარკირების ადგილების სიმცირეს უკავშირდება. აღნიშნული პრობლემა კი, ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს, როგორც ფეხით ასევე, მანქანით გადაადგილებისას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის.
კურორტს წყალი პირველ და ორ იანვარს საერთოდ არ მიეწოდებოდა. ადგილობრივების თქმით, მეორე დღეა, მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია. დაბის ძირითადი ნაწილი, ამ მომენტისთვის, წყალს გრაფიკით იღებს.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სასტუმრო ,,პანორამა მგზავრებისგან", სადაც 93 ნომრიდან თითქმის ნახევარმა დატოვა სასტუმრო ან გააუქმა ჯავშანი. სასტუმროს ვაიზერის თქმით, კომპანიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, რადგან უწყლოობის გამო ვერ მუშაობს ბარი, რესტორანი და აუზი. დარჩენილ დამსვენებელთა მომარაგება ტექნიკური წყლით აუზიდან ხდება, ხოლო სასმელად დამსვენებლები თავად ყიდულობენ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავსი პრობლება კურორტზე წინა წლების ამავე პერიოდშიც ფიქსირდებოდა, თუმცა წელს უნალექობამ განსაკუთრებით გაართულა. ვითარების გამწვავებას ხელი ტენდერში გამარჯვებულმა ,,არაკეთილისინდისიერმა კონტრაქტორმაც" შეუწყო, რომელმაც ხარისხიანად არ შეასრულა აღებული ვალდებულება, რომელიც ბაკურიანში ახალი რეზერვუარის მშენებლობას გულისხმობდა.
წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, ასევე კოხტას მიმდებარედ არსებულ სასტუმროებს წყალი ბორჯომისა და ახალციხის სახანძრო მანქანების რეზერვუარებით მიეწოდებათ.
ბორჯომის ვიცემერი ბუბა განმარტავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად მუშაობს, რათა უახლოეს დღეებში მოხდეს პრობლემის მოგვარება.
გააზიარეთ :