საზოგადოება
ახალციხეში საცურაო აუზის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

 

რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხეში სპორტკომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა იწყება. სამუშაოებისთვის ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს, 19 აგვისტოს გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 11 მლნ. 604 343 ლარია. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 26 სექტემბერს დაიწყება და 30-ში დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს.

ტერიტორია, სადაც კომპლექსი უნდა აშენდეს, ასპინძის ქუჩა #44 მდებარეობს და 10 257 კვ.მ. ფართობს მოიცავს. შენობაში უნდა განთავსდეს დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელი, ადმინისტრაციის შენობა და პატარა საცურაო აუზი ბავშვებისთვის. ასევე კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო დარბაზი.

დახურული აუზის სიგრძე 33 მეტრი იქნება, სიგანე 25 მეტრი, სიღრმე 2-2,4 მ. შედარებით მცირე ზომისაა საბავშვო აუზი. 8 მ. 16 მეტრზე.

აუზისა და სპორტკომპლექსის ასაშენებლად ტერიტორია ჯერ კიდევ 2018 წელს შეირჩა. პროექტის შესაძენად ტენდერი 2019 წელს, ორჯერ გამოცხადდა. ამავე წლის მარტში ახალციხის საკრებულომ, აუზის ტერიტორიაზე ავარიული შენობის დემონტაჟზე მერიას უარი უთხრა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალური განვითარების ფონდს სამი წლის განკარგვის უფლებით გადაეცა.
| Print |