საზოგადოება
გახსნას აზრი აღარ აქვს; ადგილზე ყველაფერი ნადგურდება - ორგანიზაცია ,,დაიცავით მთის კურორტები"
ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავით მთის კურორტების" დამფუძნებელი გიორგი სალუქვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კურორტების გახსნაზე მუშაობა შეწყდა, რადგან აზრი აღარ აქვს. როგორც სალუქვაძემ BM.GE-ისთან საუბარში თქვა, ზამთრის კურორტების გახსნის საკითხი 1 თებერვლამდე უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან კურორტის მომზადებას 1 კვირა მაინც სჭირდება, ამასობაში კი, სეზონიც მთავრდება.
„ამ თემაზე საუბარი დავასრულეთ, რადგან ხვალვე რომ თქვან - გაიხსნებაო, კურორტის მომზადებას 1 კვირა სჭირდება და აზრი აღარ აქვს; ადგილზე ყველაფერი ნადგურდება. ახლა უკვე იმაზე დავიწყეთ ფიქრი, რომ მოვითხოვოთ სუბსიდირება, რაიმე ფორმით. სეზონი ჩავარდნილი რომ არის, ეს 1 თებერვალსაც ცნობილი იყო, უბრალოდ საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ კომუნალური გადასახადებისთვის საჭირო ფული მაინც ამოგვეღო“, - ამბობს სალუქვაძე.
გიორგი სალუქვაძის თქმით, სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობას მიმართონ და სუბსიდირება მაინც მოითხოვონ.
„მთავრობას მივმართავთ პირადად და მოვითხოვთ სუბსიდირებას. პროგრამა შეიძლება შეეხოს კომუნალურ გადასახადებს, იჯარებს და ა.შ. ასევე, ბინების მფლობელებს და სხვა ბიზნესებს აქვთ კრედიტები - მათ შორის არიან სათხილამურო გაქირავების ბიზნესები, პარაპლანების გამქირავებლები და ა.შ.“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავით მთის კურორტების" დამფუძნებელმა და დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, პროტესტი რა ფორმით გამოცხადდება, თუმცა "მუშაობენ".
გააზიარეთ :