საზოგადოება
როგორ უნდა დასაქმდეთ გერმანიაში 3 თვით ლეგალურად - შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებს
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში, სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებ-გვერდზე 15 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ასაკი 18 წლიდან 60 წლამდე;
- გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
- ფიზიკური ჯანმრთელობა;
- მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
- ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
- გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია ერთმა წევრმა მაინც შეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას დამსაქმებელი განსაზღვრავს.
- სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
სამუშაო დრო გულისხმობს 5-6 დღეს კვირაში და 8-10 საათს დღეში. მინიმალურ ხელფასად კი საათში 9.50 ევროა (დარიცხული) განსაზღვრული, რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე workabroad.gov.ge გაივლის (გააქტიურდება 15 თებერვლიდან).
„რეგისტრაციის შემდეგ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.
კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გერმანიაში გამგზავრებამდე გაფორმდება“, – განაცხადეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება უფასოა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს დღეს შეხვდა. მხარეებმა გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს.
„გერმანიის მთავრობა მზადაა ჩვენი მოქალაქეების განუსაზღვრელი ოდენობა მიიღოს და დაასაქმოს. ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები სამი თვითაა განსაზღვრული. ეს მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე გარკვეული ცოდნის გაცვლისკენ და საქართველოში უკვე ევროპული გამოცდილების მქონე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისა და მათი აქ სამუშაო ადგილებზე ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.
პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები გერმანიაში დროებით სამუშაოებს შეასრულებენ, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
გააზიარეთ :