საზოგადოება
12 თებერვალი, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების დღეა
ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა.
2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. შედეგად 21 წლის სპორტსმენი ციგიდან ამოვარდა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია მოციგავის შეცდომას მოჰყვა და არა ტრასის გაუმართაობას. მათი მტკიცებით, ქუმარიტაშვილმა მე-15 მოსახვევიდან გამოსვლა დააგვიანა და მომდევნოში სწორად შესვლა ვერ შეძლო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საწვრთნელი დაშვებისას, ზუსტად იმ მოსახვევში, ძლივს გადაურჩა ტრაგედიას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი, რომელმაც მართვა დაკარგა, ციგიდან გადმოვარდა და 200 მეტრი ზურგზე დაცემულმა ისრიალა. შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს რუმინელი მოციგავე ვიოლეტა სტრამატურარუ, რომელსაც დაცემისას ტვინის შერყევა დაუდგინეს და ექიმებმა შეჯიბრებიდან მოხსნეს.
17 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. სპორტსმენი მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. გადაწყვეტილება ბაკურიანის საკრებულომ მიიღო.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.
2020 წელს კანადაში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა. საქართველოს საელჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, ვანკუვერის ცენტრალურ "სტენლის პარკში" 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.
გააზიარეთ :