რა იცვლება ომის ვეტერანებისთვის 2022 წლიდან
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის ცნების დაზუსტება და გაფართოება ხელს შეუწყობს ვეტერანთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერებას, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე განმარტება გააკეთა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, რომელმაც მეორე მოსმენით განსახილველად გაიტანა პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მისი თქმით, არსებულ კანონმდებლობაში იმ უწყებების ჩამონათვალი, რომელთა მოსამსახურეებმა ფაქტობრივად მიიღეს მონაწილეობა 2008 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, არ არის სრული. კერძოდ, ვეტერანის სტატუსი არ ენიჭებათ 2008 წლის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს.
პროექტის თანახმად სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიეცემა საშუალება დაინტერესებული პირებისათვის ვეტერანის შესაბამისი სტატუსის მინიჭებისას იხელმძღვანელოს მკაფიო, გამართული საკანონმდებლო საფუძვლებით და იქონიოს ერთგვაროვანი პრაქტიკა.
კანონპროექტის მიღება აქტუალურია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერების მხრივ ბოლო პერიოდში გამოკვეთილი სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებითაც, ვინაიდან 2022 წლის იანვრიდან ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი ხუთჯერ გაიზრდება.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 78 ხმით დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.