რატომ ვერ აბარებენ მსურველები ქალაქში მართვის მოწმობის გამოცდას
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მართვის მოწმობის აღების მსურველები ქალაქში პრაქტიკულ გამოცდას ვერ აბარებენ.
მისი თქმით, წარუმატებლობის პირველი და უმთავრესი მიზეზი ადამიანების მოუმზადებლობა და შესაბამისი ცოდნის არქონაა. როგორც მან აღნიშნა, თანხების უქონლობის გამო, ბევრი მსურველი უბრალოდ საერთოდ არ არის მომზადებული ამ გამოცდისთვის.
„ბევრი ადამიანი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადებას გადის მხოლოდ დახურულ სასწავლო მოედანზე და ისე ცდილობს ჩაბარებას, რომ ქალაქში მანქანით არც კი არის გასული. პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილი, ვიცით, რომ არის ქალაქში და ამისთვის მომზადება, თეორიის ტესტებთან და დახურულ მოედანზე სწავლებასთან ერთად, დამატებითი ხარჯია. ერთი გაკვეთილი დაახლოებით 30, 45 ან 50 ლარი ღირს, რომელიც 30-40 წუთი გრძელდება. ის, თუ რამდენი გაკვეთილი იქნება საჭირო ქალაქში მოძრაობის სწავლისთვის, ინდივიდუალურია. ზოგს შეიძლება 2 ან 5 გაკვეთილი დასჭირდეს, ზოგს 10 და აქ, რა თქმა უნდა, ხარჯებიც გასათვალისწინებელია. ბევრს არ აქვს სათანადოდ მომზადებისთვის საჭირო თანხა“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.
მან ქალაქების გზებზე არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იშვიათად, თუმცა არის შემთხვევები, რომლის დროსაც გამოუცდელი მძღოლი წესების დარღვევას, ფაქტობრივად, ვერ ასცდება.
„რა თქმა უნდა, ქალაქში გამოცდის ჩაბარება ბევრად რთულია, ვიდრე მოედანზე. რეალურ პირობებში ხშირად არის შემთხვევა, რომ ქვეითი ან სხვა მანქანა გიჭრის გზას და ადამიანი, რომელიც არ არის შეჩვეული ქალაქში მანქანის მართვას, შესაბამისად ვერ რეაგირებს ხოლმე. სწრაფად დამუხრუჭებაც ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რის გამოც ხდება ქულების ჩამოკლება. არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქის გამოცდაზე ადამიანებს ძალით ჭრიან, მაგრამ ჩვენ როცა გვისაუბრია იმ მოქალაქეებთან, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, ხშირად აღმოჩენილა, რომ მათ არ ჰქონდათ გავლილი ქალაქში სწავლება. არის ბევრი სიტუაცია, რომლისთვისაც ადამიანი მომზადებული უნდა იყოს და გასაუბრებისას გარკვეულა, რომ მარლაც მათი ბალი იყო"- ამბობს იზორია.
როგორც მან განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა, რომ მართვის მოწმობის გამოცდაზე გასული ადამიანების მხოლოდ 50% ახერხებს ტარების უფლების მოპოვებას, ნეგატიურია, რადგან ეს სწორედ შესაბამისი ცოდნის არქონაზე მიუთითებს.