საზოგადოება
დაბინძურებული სასმელი წყალი და რიგში დგომა სოფლის წყაროებთან - ახალციხეში სასმელად ვარგის წყალს ითხოვენ
ახალციხის მუნიციპალიტეტში სტანდარტების შესაბამისი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა სერიოზული პრობლემაა - დაბინძურებული წყალი საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,- აღნიშნავს „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
სოფო ხორგუანის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში პასუხისმგებელი თანამდებობის პირები უკვე კარგა ხანია, რაც პრობლემის კურსში არიან, აღნიშნული საკითხის მოგვარება ვერ ხერხდება, რის გამოც მან გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს განცხადებით მიმართა და მოხელეთა შესაძლო დანაშაულზე რეაგირება მოსთხოვა.
განცხადებაში ხორგუანი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყებამდე, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ნაწლავური ჩხირებით დაბინძურებასთან დაკავშირებით.
„ვინაიდან, საჯარო სკოლებში სწავლა მალევე იწყებოდა, წერილებით მივმართე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს და დაუყოვნებლივ რეაგირება მოვითხოვე, რათა სკოლაში ბავშვები წყალს არ მოეწამლა. პასუხად მაცნობეს, რომ პრობლემა აღმოფხვრილი იყო და წყალი შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. თუმცა, ბოლო დღეებში ახალციხეს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება და მოსახლეობა ისევ იწამლება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაუყოვნებლივ ვაცნობე აღნიშნულის თაობაზე და ისევ დაიწყო წარმოება. თუმცა, ფაქტია, ერთი და იმავე პრობლემა რამდენიმე თვეში ერთხელ სისტემატურად მეორდება და დღემდე, პრობლემას არავითარი შედეგის მომცემი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ მოხელეთა მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის უსაფრთხო პირობების შექმნა - ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა უმთავრესი მოვალეობაა. ამ მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დარღვევების პერიოდში რაიმე დროებითი ღონისძიების გამოყენება, რომელიც თავის მხრივ, მოხელეთა მიერ პასუხისმგებლობის აღებას მიანიშნებდა და მოსახლეობისადმი მიმართულ საფრთხეს შეამცირებდა, არ მომხდარა. შესაბამისად, ცხადია, სახეზეა სამოხელეო დანაშაული - სამსახურებრივი გულგრილობის სახით.
მოვუწოდებ გენერალურ პროკურორს, დროულად დაიწყოს გამოძიება, რათა გამოვლინდეს და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს თითოეულ დამნაშავეს. გამოძიებამ იმოქმედოს დროულად, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დანაშაულით გამოწვეული მძიმე შედეგი - ადამიანთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების სახით”,- აცხადებს სოფო ხორგუანი.
“სემეკში” განმარტავენ, რომ ახალციხეში დაბინძურებული წყლის ხარისხს, სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად სწავლობს. ახალციხეში მოსახლეობას ერთ კვირაზე მეტია დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდებათ. ადგილობრივთა მტკიცებით, წყალს მატლები, მიწა და სხვა ნარჩენები მოჰყვებოდა.
ფოტო ინტერნეტიდან
,,გაგიჟება შეიძლება, როგორ ბინძურ წყალს გვასმევენ.. საშინელებაა, ვზიდავთ ღრელიდან და სხვა სოფლებიდან, ყოველდღე ნერვებზე თამაშობენ ხვალამდე გადაიდოო, გვეუბნებიან და მაინც ბინძურ წყალს გვაწვდიან. მისი მოხმარება არ შეიძლება, კუჭი ამტკივდა უკვე" ..
,,ეზოშიც მოთხარეს ასფალტი და ამოთხრილი ასევე დატოვეს. დაიტბორა ეზო უკვე. მთელი ზამთარი ასეა, სანამ მანქანა არ ჩავარდება ან ვინმე არ მოიტეხს კისერს არ ეშველება.. ეს ყველაფერი წყლის მილების გამო ხდება, ანუ ზემოდანაც ხომ ჩადის სიბინძურე; მოკლედ, განუკითხაობაა და უყურადღებობა" - დახმარებას ითხოვს კოსტავას ქუჩის მოსახლეობა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაბინძურების მიზეზი უამინდობის გამო სათავე ნაგებობის ამღვრევა და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გააზიარეთ :