ავტოსადგურებისა და მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება
ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ცვლილებები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. დადგინდა კრიტერიუმები, რომელიც ავტოსადგურებმა პირველ ივნისამდე უნდა დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ მძღოლებსაც.
რეგულაციებით ასევე იკრძალება შორ მანძილზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო დანიშნულების პუნქტი საწყისი წერტილიდან 150 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, მძღოლები მგზავრთა გადაყვანას მიკროავტობუსით ვეღარ შეძლებენ.
სამგზავრო გადაყვანის ნებართვა სავალდებულო ხდება
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის 2025 წლიდან სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო. ნებართვის აღება 2025 წლის 1-ელ მარტამდე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ პერიოდიდან, ნებართვის გარეშე მგზავრების გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, 2025 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შედის შემდეგი ცვლილებები:
რეისში ვერ გავა ვერც ერთი მძღოლი, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სამედიცინო შემოწმება;
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას არ განახორციელებს პირი, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მასთან არსებულ ყველა გადამზიდველთან შეთანხმებული განრიგების შესახებ.
საქალაქთაშორისო გადაყვანას შორ მანძილზე მიკროავტობუსები ვეღარ განახორციელებენ
2025 წლის 1-ლი ივნისიდან ძალაში შედის საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებული რიგი ცვლილებები. 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება.
„ქალაქებს და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ, საქართველოში არსებულ შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მოემსახუროს მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტი“, - აღნიშნულია რეგლამენტში.
ამასთან, ავტობუსები მინიმუმ „ევრო 4“-ის სტანდარტის უნდა იყოს, მათი ასაკი კი 20 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
2025 წლის 1-ლი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.