სომხეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა ტურისტულმა მატარებელმა იმოძრაოს
სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს რკინიგზები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სამგზავრო მატარებელი ერევანი–ბათუმი–ერევანი 14 ივნისიდან დაიწყებს მოძრაობას.
სომხური მხარის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასევე წერია, რომ ჩეხური კომპანია „გეპარდ ექსპრესი“ რეგიონში ტურისტული მატარებლის ამოქმედებას გეგმავს.
მათივე ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ევროპელი ტურისტების მოზიდვას და მათთვის სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ერთდროულად გაცნობის უნიკალური შესაძლებლობის შეთავაზებას.
იდეა ერევანში გამართული შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, სადაც საქართველოსა და სომხეთის რკინიგზის წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო ურთიერთქმედების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
როგორი იქნება ტურისტული მარშრუტი?
„გეპარდ ექსპრესის“ გეგმის მიხედვით, ტურისტული მატარებელი სამი დღის განმავლობაში სომხეთის, ხოლო შემდეგი ექვსი დღე საქართველოს ტერიტორიაზე იმოძრავებს.
ეს 9-დღიანი ტურისტული პაკეტი ევროპელ მოგზაურებს საშუალებას მისცემს, სრულყოფილად გაეცნონ როგორც სომხეთის, ისე საქართველოს კულტურულ, ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს.
ღია წყაროებში ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ჩეხური ტურისტული კომპანია ტურებს ძირითადად მოზამბიკსა და სამხრეთ კორეაში ახორციელებს.
წყარო bm.ge