საზოგადოება
ალტერნატიული ფართი გამოსახლების მოლოდინში მყოფი ვეტერანებისთვის
ახალციხის მერი, გამოსახლების მოლოდინში მყოფი ვეტერანების ოჯახებს შეხვდა.
ზაზა მელიქიძემ სადავო შენობაში მცხოვრებ ოთხივე ოჯახს, ალტერნატიული ფართი შესთავაზა.

სურვილის შემთხვევაში ვეტერანებს შეუძლიათ საცხოვრებლად შეარჩიონ ახალციხეში, უფუნქციო სათნოების სახლი, ქალაქ ვალეში პროფესიული სასწავლებლის ყოფილი შენობა ან მეორე შახტაში არსებული საცხოვრებელი. შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სამივე ვარიანტ ერთობლივად განიხილავენ. რაზე შეაჩერებენ არჩევანს – ადგილობრივ ხელისუფლებას მოგვიანებით აცნობებენ.

რა ფორმით მოხდება ოჯახების შესახლება – მერიაში ამბობენ, რომ ეს ფორმა ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მცხოვრებმა ვეტერანებმა მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა 2016 წლის სექტემბერში დაიკავეს. ახალციხის მერიამ მათი გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პეტრე იბერის #17–ში უკანონოდ მცხოვრები ოჯახების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. ვეტერანებმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ოთხ ოჯახს თავშესაფრის გარეშე ტოვებს.

| Print |
თეგები: ვეტერანები /