ვალეში, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთან, კათოლიკური ლოცვის წიგნებს და ხატებს ცეცხლი წაუკიდეს. ადგილობრივების განმარტებით, დამწვარი
სიწმინდეები 12 მარტს, საღამოს აღმოაჩინეს. ვალის კათოლიკური ტაძრის მრევლი ავთანდილ კაკაჩიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი აშკარა ვანდალიზმი და ღია დისკრიმინაციაა.
სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვა ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით.
მომხდარს სამწუხარო ფაქტს უწოდებს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის ხელმძღვანელი. მიტროპოლიტი თეოდორე ფიქრობს, რომ მიზანმიმართულ ქმედებასთან ერთად საქმე შეიძლება ყოფით კრიმინალსაც ეხებოდეს. მართლმადიდებელი მღვდელმთავარი არც იმას გამორიცხავს, რომ მომხდარი ხალხის დასაპირისპირებლად იყოს გაკეთებული.
,,ტაძარში იყო მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატები. ჩვენ იქ არ შევდივართ, მხოლოდ ხალხი ლოცულობს. შეიძლება ეს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ჩაიდინა, ან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირებას ვერ გამოიწვევს. ხალხი გონიერია, მათ იციან, რომ ამას ჭკუათმყოფელი ადამიანი შეგნებულად არ იზამდა. რაც არ უნდა იყოს, ამ ფაქტს გამოძიება სჭირდება. სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ რა მოხდა. იყო შემთხევები, როცა არამარტო გაქურდეს ჩვენი ტაძრები, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს სიწმინდეებს. ვფიქრობ, ამას ადეკვატური პასუხის გაცემა ჭირდება, რომ არ გადაიზარდოს უმართავ პროცესებში“ – განმარტავს მეუფე თეოდორე.
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, ვალეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 13 მარტს, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ
წმ.ნინოს სახელობის სამლოცველოს გვერდით კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის გამო, ეპისკოპოსი მწუხარებას და აღშფოთებას გამოთქვამს და იმედი აქვს, რომ კომპეტენტური ორგანოები მომხდარს გულდასმით გამოიძიებენ. ვალის მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხის საკრებულოში ირწმუნება, რომ მომხდარს მრევლში არანაირი დაპირისპირება არ გამოუწვევია და მითუმეტეს, ამის შესახებ დღეს უკვე აღარავინ საუბრობს. გიორგი ზაქროშვილი ფიქრობს, რომ
ხანძარი უბედურ შემთხვევას უფრო ჰგავს.
,,მოსახლეობასთან მქონდა საუბარი, არანაირი დისკრიმინაცია არ არის. ამ ფაქტს ვალელი ხალხი ერთნაირად გმობს. ალბათ უფრო სანთლის გამო დაიწვა, ყოველშემთხვევაში არამგონია ეს მიზანმიმართულად იყოს გაკეთებული. საუკუნეებია ერთად ვცხოვრობთ მშვიდობით და ხალხში ამ ფაქტს ახლაც არაფერი გამოუწვევია და ამის შესახებ უკვე არავინ საუბრობს“ – განმარტავს გიორგი ზაქროშვილი.
წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ,
კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დამწვარი ადგილობრივებმა, 12 მარტს, საღამოს ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ვალეს პოლიციამ სსკ–ის 166 მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური საქმიანობისათვის ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.