საქართველოში 313 366 სამოქალაქო იარაღია რეგისტრირებული
მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 313 366 სამოქალაქო იარაღია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ იარაღის რეგისტრაციამდე, მოქალაქემ შესაბამისი გამოცდა უნდა ჩააბაროს. კერძოდ, საგამოცდო ტესტი 15 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 13 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.
ამასთან, გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
შსს-ს ინფორმაციით, მოსაკრებლის განაკვეთები, იარაღის სახეობებიდან გამომდინარე, 6-დან 8 ლარამდე მერყეობს. ხოლო იარაღის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარია, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური -15 ლარი, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური კი, 10 ლარი.
აღნიშნული ტარიფი ვრცელდება, იარაღის ლეგალიზაცია, გადაფორმება და მემკვიდრეობით მიღებაზეც. თუმცა, თუ პირს მომსახურება დაჩქარებული წესით სურს, 5 სამუშაო დღეში ცნობის აღება 50 ლარი ღირს, ხოლო 1 სამუშაო დღეში - 80 ლარი.
რაც შეეხება საგამოცდო ბილეთებს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი და შსს-ს მომსახურების სააგენტოში სამი სახით ბარდება:
გამოცდა თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.
რაც შეეხება იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის პროცესს, პირმა შესაბამისი დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წარადგინოს და მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა ფლობის ნებართვა.