მესხური ღვინო, თუთის არაყი, კარტოფილი, ვაშლი, კომბოსტო, ტენილი ყველი, კალმახი, თაფლი, – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ევროპულ ბაზარზე გატანაც სამცხე–ჯავახეთს შეუძლია. ადგილობრივი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად მთავარი პირობა, მაღალი ხარისხი და უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპაში– ამაზე ახალციხელების მოლოდინები სხვადასხვაგვარია.
სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ბრენდირება, ეტიკეტირება, წარმოების სერტიფიცირება, სასაქონლე ვიზუალის შექმნა – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება ქართველ ფერმერს არაერთ ვალდებულებას აკისრებს. აგროკონსულტანტი ნუგზარ კაველიძე, ფიქრობს, რომ რეგიონი დღეისათვის აღნიშნულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
სამცხე–ჯავახეთს პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გატანის გამოცდილება აქვს, თუმცა, მეთოდები მოძველებულია – აღნიშნავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში. ახალი რეგულაციები ფერმერებისგან დამატებით, ადგილწარმოების დოკუმენტაციას და პროდუქციის სტაბილურ მიწოდებასაც ითხოვს.
რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, რომ მესხეთში, ამ ეტაპზე, წინამოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს. ფერმერები კოოპერატულ გაერთიანებებს აყალიბებენ და დოკუმენტაციას აწესრიგებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ევროპულ ბაზარზე მოხვედრის პერსპექტივა პირველ რიგში, ადგილობრივი წარმოების თაფლს, ღვინოს და მესხურ ტენილ ყველს აქვს.