საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოინახულა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა (აქედან 3 მაღალი გამავლობის) და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით (ვაქცინებისა და პათმასალის გადასატანად).
რაც შეეხება ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს; ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების) პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.
2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული.