სოფელ უდიდან მოშორებით, დაახლოებით 6 კილომეტრში ავთანდილ მერაბიშვილის მეცხოველეობის ფერმა ფუნქციონირებს. 66 წლის ფერმერი ცდილობს სიახლეებს ფეხი აუწყოს და ფერმაში ახალი ტექნოლოგიები დანერგოს. ფერმერი ამ დროისათვის ერთი სახეობის ყველს აწარმოებს, რომლის რეალიზებაც არ უჭირს. რეპორტაჟის გმირის სამომავლო გეგმები – „ფერმერის საათის“რუბრიკაში“წარმატებული ფერმერი.
სოფელ უდიდან, დაახლოებით 6 კილომეტრში მოსახლეობისგან მოშორებით, მეცხოველეობის ფერმა ფუნქციონირებს. მერაბიშვილები საკუთარი მეურნეობის განვითარების მიზნით, ნაწილობრივ აქ დასახლდნენ და 5 წელია ფერმას არცერთ სეზონზე ტოვებენ. 66 წლის ავთანდილ მერაბიშვილი ამბობს, რომ მეცხოველეობაში დიდი გამოცდილება არ აქვს. ამ საქმეში შვილის დასახმარებლად ჩაერთო. ამ ეტპზე კი ფერმერი მიღებული შედეგით კმაყოფილია.
ავთანდილ მერაბიშვილი ცდილობს ფერმა თანამედროვე სტანდარტებით მოაწყოს. ამ ეტაპზე, მას 27 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს. მათი უმეტესობა ადგილობრივი ჯიშის, ნაწილი კი გერმანიიდან ჩამოყვანილი, არატრადიციული, სიმენტალის ჯიშის ძროხებია.
მერაბიშვილებს ფერმაში საქმე გადანაწილებული აქვთ. ყოველდღიურად ძროხებს ოჯახის დიასახლისი წველის. ამბობს, რომ საქმეს საწველი აპარატი უადვილებს. გულო კაკოშვილი მიღებული რძიდან დღეში, საშუალოდ, 15 კილოგრამამდე მხოლოდ ერთი სახეობის ყველს აწარმოებს. მისი რეალიზაცია ოჯახს არ უჭირს.
ფერმერი მიიჩნევს, რომ მეცხოველეობაში მნიშვნელოვანი, საქონლის სწორი მოვლა და მისი ვაქცინაციაა. აქ ცხოველებს სხვადასხვა დაავადებაზე აცრებს ვეტერინარი დროულად უტარებს.
ავთანდილ მერაბიშვილის აზრით, იმისთვის, რომ ფერმერი მეცხოველეობით დაინეტესდეს და დარგი განვითარდეს, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აუცილებელია.
მერაბიშვილები მესაქონლეობის სფეროში ცოდნის ამაღლების მიზნით, არასამთავრობო ორგანზაციებთან აქტუიურად თანამშრომლობენ. კვების, ჰიგიენის, ვეტერინარიისა და გამრავლების საკითხებთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად, მათ ფერმას ქართულ–ფრანგული ერთობლივი პროექტის ,,კავკასიური რძის“ წარმომადგენლები სტუმრობენ და სხვადასხვა სახის რჩევებს აძლევენ.
იმისთვის, რომ ცხოველები არ დაიკარგონ და ნადირისგანაც დაზღვეულები იყვნენ, მერაბიშვილები ე.წ ,,ელექტრო მწყემსს“ იყენებენ. ესპანეთიდან ჩამოტანილი ლენტი ხის მასალისგან შემოღობილ საძოვარს გარს ერტყმის და დენის ძალით ცხოველს შემოსაზღვრული ადგილიდან გარეთ არ უშვებს.
მერაბიშვილები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი მოგების მისაღებად ფერმერს მინიმუმ 50 სული მეწველი ძროხა უნდა ჰყავდეს. ამიტომ სამომავლოდ, ისინი მეცხოველეობის ფერმის გაფართოებასა და ყველის საწარმოს გახსნას გეგმავენ.
|