ტონობით მიღებული მოსავალი და დაუფასებელი შრომა–ვალელები კომბოსტოს რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ გვალვიანი ზაფხულის მიუხედავად, დიდი ხარჯი გაწიეს და მოსავალი მოიყვანეს, თუმცა ქვეყანაში სტაბილური ბაზარი არ არსებობს იმისთვის, რომ ბოსტნეული ყოველწლიურად ნორმალურ ფასად გაყიდონ.
ვალეში მცხოვრები დალი კაჭკაჭაშვილი კომბოსტოს სარდაფში გაზაფხულამდე ასაწყობებს. ბოსტნეულს ამ ეტაპზე ვერ გაყიდის, რადგან მისი ღირებულება დაბალია. ფერმერის თქმით, ამ პერიოდში 1 კილოგრამი კომბოსტოს ფასი 20 თეთრია. გაზაფხულზე კი ღირებულება შესაძლოა გაორმაგდეს, ან უკეთეს შემთხვევაში, 90 თეთრამდე გაიზარდოს. შესაბამისად, მოსავლის რეალიზება, გაწეულ ხარჯებსაც აანაზღაურებს და ოჯახი მეტ სარგებელსაც მიიღებს. იმისთვის რომ კომბოსტომ გაზაფხულამდე გაძლოს, ფერმერი შესაბამისი პირობების შექმნას ცდილობს. ბოსტნეულს მაღალჭერიან, გრილ სარდაფში, თაროებზე ასაწყობებს. შემდეგ კი დროდადრო მას ისევ სათითაოდ არჩევს.
კომბოსტოს მოყვანისთვის ზრუნვა ნიადაგის დამუშავებითა და თესლიდან ჩითილების გამოყვანით იწყება. ნაკვეთში გადარგვის შემდეგ – მოსავლის აღებამდე კი არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა უტარდება, რომელთა თანმიმდევრობით დაცვის გარეშე ფერმერები მაღალ შედეგს ვერ მიიღებენ. ცალკე ხარჯებია საჭირო მოსავლის აღებისა და დაბინავებისთვის. ვალელების თქმით, წელიწადში კომბოსტოს მოყვანა 20 მეასედ ფართობზე 2 000 ლარამდე უჯდებათ, ბოსტნეულის რეალიზება კი ზოგჯერ, მხოლოდ გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს. ადგილობრივების თქმით, ამის მიზეზი გასაღების არასტაბილური ბაზარია.
ვალეში კომბოსტოს რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელიც. ელიოზ ბარბლიშვილის თქმით, ეს საკითხი მოსახლეობას წლებია აწუხებს, თუმცა მისი მოგვარების გზები ნაკლებია. ვალის რწმუნებული გამოსავალს სასაწყობე მეურნეობის შექმნაში ან კომბოსტოს მიმღები პუნქტის ჩამოყალიბებაში ხედავს. ბარბლიშვილის თქმით, გამოსავალია კოოპერატიული გაერთიანებებიც, თუმცა ესეც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.
აგრო–კონსულტანტები ამბობენ, რომ ბაზარზე კომბოსტოს ფასის ცვალებადობა, იმაზე დამოკიდებული, თუ რა რაოდენობით დათესავენ ფერმერები ბოსტნეულს გაზაფხულზე . ახალციხის სასოფლო –საკონსულტაციო სამსახურის აგრო–კონსულტანტი ვალელებს კულტურათა მონაცვლეობას სთავაზობს.
ნუგზარ კაველიძისაგან განსხვავებით, ვალელები პრობლემის მოგვარების სხვა გზებზე საუბრობენ. მათი თქმით, სახელმწიფომ ხელი სარეალიზაციო ბაზრის მოძიებასა და ფასები დარეგულირებას უნდა შეუწყოს. ფერმერები ამბობენ, რომ კომბოსტო მეზობელი ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯერ კიდევ მაშინ შემოდის, როდესაც, ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ამოწურული არ არის. მათივე თქმით, თუ გარანტია ექნებათ რომ ხარჯებს ტყუილად არ გასწევენ, ბოსტნეულს დიდი რაოდენობით მოიყვანენ, რაც კომბოსტოს მარაგს კიდევ გაზრდის და ქვეყანა ამ შემთხვევაში მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციით დაკმაყოფილდება.