როგორ მოვაშენოთ ვაშლის ახალი ჯიშები და როგორ გავხდოთ საქმიანობა წარმატებული – აღნიშნულთან დაკავშირებით, საინტერესო რეკომენდაციებს შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ აგრონომი გასცემს. ზაურ ნეფარიძე ერთ–ერთი პირველია მესხეთში, ვინც ვაშლის ახალი ჯიშები გაახარა. დღეისათვის ფერმერი საკუთარი ნაკვეთის გარდა შვიდი ათასამდე ძირ ვაშლის ხეს შპს–ს ტერიტორიაზეც უვლის. რა უპირატესობებით ხასიათდება ახალი ჯიშები და როგორ გავაშენოთ ხეხილის ბაღი საკუთარ ფართობზე – რეპორტაჟი ფერმერის საათის სპეციალურ რუბრიკაში „წარმატებული ფერმერი“
გოლდენ დელიშესი, აიდარედი, ფუჯი და სხვა – ვაშლის ახალი ჯიშების მოსავალი სოფელ წნისში წელს უკვე მეორედ აიღეს. ათეულობით ხის ყუთებით პროდუქტი ამ დროისათვის მაცივარში შესაბამის ტემპერატურაზე ინახება. თითოეული ჯიში საუკეთესო გემური თვისებებით, მოსავლიანობითა და მაღალი საბაზრო ღირებულებით გამოირჩევა.
ახალი ჯიშები მესხეთში პირველად სოფელ წნისში ადგილობრივმა ზაურ ნეფარიძემ გამოსცადა. მას ამ დროისათვის ვაშლის ბაღი 10 მეასედ ფართობზე აქვს გაშენებული. დღეისათვის ფერმერი სოფელშივე უვლის ხეხილს შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ ტერიტორიაზეც, აგრონომი ახალი ჯიშების ნერგების გამოყვანაზე, ვაშლის ბაღის მოვლასა და მაღალმოსავლიანობაზეა ორიენტირებული. ზაურ ნეფარიძე ახალი ჯიშების უპირატესობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნაყოფის მსხმოიარობა აბორიგენულ ჯიშებთან შედარებით, გაცილებით დიდია.
შპს–ს აგრონომი ამბობს, რომ ვაშლის ახალი ჯიშები იტალიიდან შემოიტანილ საძირეებზე დაამყნეს და მესხეთის კლიმატურ პირობებზე გამოსცადეს. გარემოსთან ადაპტირებულმა ნერგებმა ორ წელიწადში ნაყოფი გამოიღო. მოსავლის რაოდენობამ პირველ წელს ორ ჰექტარზე 10 ტონა შეადგინა. ფერმერის გათვლებით, წელს შესაძლებელი იყო 80 ტონა მიეღოთ, თუმცა ახლად გამოღებული ნაყოფი სეტყვამ დააზიანა და მოსავლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამიტომ, სამომავლოდ, პრობლემის თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავებაზე მსჯელობა უკვე დაიწყო. ამ დროისათვის, შპს–ს ტერიტორიაზე 14–მდე სახეობის ვაშლის ხე ხარობს. აქედან შვიდი ჯიშიდან მოსავალი უკვე მიიღეს.
სამ ჰექტარზე განლაგებულ 6 000–მდე ძირს შორისაა ნაგალა საძირეზე გაშენებული აიდარედი. აღნიშნული ჯიშის ხის სიმაღლე 3 მეტრია. სრული მსხმოიარობის პერიოდში ერთი ძირი აიდარედი 30 კილოგრამამდე ნაყოფს იძლევა. სასურველი შედეგის მისაღწევად ხეებზე წამლობა ადრიანი გაზაფხულიდან იწყება. იმისათვის, რომ შტამპზე არ გაჩნდეს სოკოვანი დაავადებები, მცენარე თავდაპირველად, ფარიანის საწინააღმდეგო წამლებით უნდა ჩამოიბანოს, ამის შემდეგ, ვაშლის ხე შაბიაბნისა და კირის ხსნარით უნდა შეთეთრდეს, მომდევნო ეტაპი მიწის სასუქებით გაჯერებაა. შემდეგ კვლავ სოკოვან დაავადებებზე და ნაყოფისჭამიაზე იწამლება. ადგილობრივ პირობებში წამლობა 6–7–ჯერ ხდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეხილეობის განვითარებისთვის პროექტს სახეწოდებით, „დანერგე მომავალი“ ახორციელებს. მის ფარგლებში სპეციალისტები ცდილობენ ფერმერები დააინტერესონ და საქმიანობის წამოწყებისთვის მათ გარკვეული დახმარებაც გაუწიონ. სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეცილისტის თქმით, წნისელი ფერმერის წვლილი მეხილეობის განვითარებაში დიდია. ლია თედორაძის აზრით, იგი მესხეთში ერთ–ერთი წარმატებული და მოწინავე ფერმერია. მისივე თქმით, ზაურ ნეფარიძისა და სამინისტროს მიზნებები ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა.
შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ ნაკვეთში ვაშლის ახალი ჯიშების გახარების გარდა, აგრონომი სანერგე მეურნეობის განვითარებითაც არის დაკავებული. 25 მეასედ ფართობზე ამ დროისათვის 6 ჯიშის ნერგი ხარობს. მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ზაურ ნეფარიძეს მიაჩნია, რომ ახალი ჯიშის ვაშლის მოვლა–პატრონობა და რეალიზაცია ფერმერების საქმიანობას ბევრად წარმატებულს გახდის.
ახალი ჯიშის ვაშლის ნაყოფის საბაზრო ღირებულება ერთი ლარი და 80 თეთრია. ნორმალური პირობების შემთხვევაში ფერმერი ერთ ჰექტარზე აღებულ მოსავალში 70 000 ლარამდე აიღებს, რაც ზაურ ნეფარიძის თქმით, გაწეულ ხარჯებს ბევრად აღემატება. აგრონომი იმასაც ამბობს, რომ ახალი ჯიშის ვაშლის ნაყოფი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ფერმერების დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია, მესხეთში წარმოებულმა პროდუქტმა ადგილი ევროპის ბაზარზეც დაიკავოს.