ვაღარშაქ მელქონიანი და კარენ ტერპოღოსიანი ახალციხეში მებოცვრეობას მისდევენ. მათ საქმიანობა საკუთარი ხარჯებით დაიწყეს და ახალი ჯიშიც გამოიყვანეს.
ვაღარშაქ მელქონიანმა და კარენ ტერპოღოსიანმა კურდღლებზე ზრუნვა ბავშვობიდან დაიწყეს. ამბობენ, რომ მათ ოჯახებში ამ უწყინარმა ცხოველმა ბინა წლების წინ დაიდო, თუმცა მათი რაოდენობა იმ პერიოდში არც თუ ბევრი იყო და მიზანსაც მხოლოდ კურდღლების მიმართ სიყვარული წარმოადგენდა. სამი წლის წინ მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ერთობლივი მუშობა დაეწყოთ და საყვარელი საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად ექციათ. ბოცვრები შეიძინეს და დღეს უკვე მათ მთელი რეგიონის მასშტაბით ყიდიან.
ვაღარშაქ მელქონიანი და კარენ ტერპოღოსიანი ბოცვრების გამოსაკვებად რამდენიმე სახეობის საკვებს იყენებენ. ამბობენ, რომ ცხოველების მოვლა რთულია, რადგან ზრუნვა და ყურადღება მთელი დღის განმავლობაში სჭირდებათ.
ფერმერები ამბობენ, რომ საქართველოში ბოცვრების მოვლა ძვირი უჯდებათ, რადგან გარდა საკვებისა, მათ სხვადასხვა დაავადებებზე სამედიცინო აცრების ჩატარება სჭირდებათ.
კარენმა და ვაღარშაქმა ბიზნესის განვითარებისათვის ბოცვრის განსხვავებული ჯიში თავად გამოიყვანეს. მათ ადგილობრივი ბარანი ანუ ცხვრის ჯიშის კურდღელი ერევნიდან ჩამოყვანილ ფლანდრთან შეაჯვარეს. ბარან–ფლანდრი, როგორც თავად უწოდენებენ ახლა მათი სავიზიტო ბარათია. ცხოველი დაახლოებით რვა კილოგრამს იწონის და მასზე მოთხოვნაც დიდია.
მეგობრების ერთობლივი ბიზნესი ამ ეტაპზე მხოლოდ ბოცვრების რეალიზაციით შემოიფარგლება. ამბობენ, რომ ერთი მათგანის შენახვა წელიწადში საშუალოდ 70 ლარი უჯდებათ, რაც შეეხება მოგებას, იგი სეზონურია. ზაფხულში ბაჭიებზე მოთხოვნილება დიდია და შესაბამისად მათი მოვლისთვის თანხა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა წელიწადის სხვა დროს ბოცვრებისთვის საკვების, მედიკამენტებისა და ახალი ჯიშების შესაძენად სხვა ფინანსური წყაროების მოძიება უხდებათ.
ვაღარშაქი და კარენი მიიჩნევენ, რომ საქართველოში მებოცვრეობა გავითარებული არ არის. მათი თქმით, სახელმწიფომ ამ კუთხით მეტი ხელშეწყობა უნდა გამოიჩინოს. იმისათვის, რომ ბაჭიების გაყიდვიდან ხორცის რეალიზაციამდე გადაინაცვლონ, ორ მეგობარს საკუთარი ფერმის გაფართოება სურს, მაგრამ ამბობენ, რომ მებორცვრეობაში არსებული პრობლემები მათ დაბრკოლებას უქმნის.
ფერმერების საქმიანობას თვალს ადევნებენ მათი მეზობლები და საერთო მეგობრები. ამბობენ, რომ ვაღარშქმა და კარენმა საკუთარი საქმე კარგად იციან და წარმატებული ბინეზმენებიც არიან.
ვაღარშქსა და კარენს ამ ეტაპზე 50–მდე ბოცვერი ჰყავთ. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ზამთრის ცივი პერიოდი ჩაივლის, ცხოველები გამრავლებას დაიწყებენ, თავად კი ფერმის გაფართოებისთვის და მათი მოვლისთვის შესაბამისი თანხების მოძიებაზე უნდა იზრუნონ.