ადიგენის სოფლებში მოსახლეობა მოსავლის სიმცირეზე ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მხარეში რამდენჯერმე დაფიქსირებულმა სეტყვამ, როგორც ბოსტნეული კულტურა, ასევე ხეხილი გაანადგურა. ნაკლები მოსავლიანობის შესახებ საუბრობენ სოფლის მეურნეობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოშიც.
ადიგენის სოფლებში, მოსავლიანობის სიმცირის მიზეზად, გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში რამდენჯერმე დაფიქსირებულ სეტყვას ასახელებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰექტრობით დამუშვებულ მიწაზე, ბოსტნეული კულტურები განადგურდა. რაც სეტყვას გადაურჩა ხანგრძლივი წვიმების გამო დალპა. ყველაზე დიდი დანაკლისი მათ კარტოფილის ნათესებზე მიიღეს, თუმცა სტიქიამ მათ არა მხოლოდ სახნავ–სათესი სავარგულები, არამედ ხეხილის ბაღებიც დაუზიანა. საბოლოოდ, შემოდგომით მიღებულმა შედეგმა, წინა წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები მოსავალი აჩვენა.
მოსავლის სიმცირის მიზეზად, კლიმატურ პირობებს ასახელებენ ადიგენის საკრებულოშიც. თუმცა დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მიღებული სარჩო ადგილობრივებისათვის საკმარისი იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, აგრო კულტურების მოსავლიანობის სიმცირე რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ძირითად მიზეზად კლიმატური პირობები და უხარისხო სათესლე მასალა სახელდება. სამმართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი, მიღებული მოსავალის მონაცემებს არ დაემთხვა კარტოფილისა და სხვა ბოსტნეული კულტურის შემთხვევაშიც. სხვაობა 2014–2015 წლებს შორის, დაახლოებით, 30 %–ს შეადგენს.
სამცხე–ჯავახეთის საამმართველოში განმარტავენ, რომ თუკი ფერმერები და კოოპერატივები აგრო–კონსულტაციებს გაითვალისწინებენ, წლის ბოლოს შედეგი მაღალი იქნება.