ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი კოოპერატიული გაერთიანება სამცხე–ჯავახეთშია რეგისტრირებული. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ აღნიშნული რიცხვი დღითიდღე იზრდება. რატომაა სამცხე–ჯავახეთში კოოპერატიული გაერთიანებები პოპულარული, რას ამბობენ, გლეხები და რა შეღავათებს ჰპირდება მათ სახელმწიფო – ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
რომან ოქრომელიძე ერთ–ერთი მათგანია, რომელმაც კოოპერატიული მეურნეობა შექმნა. მან ერთი ინტერესების მქონე ექვსი ადამიანი შეკრიბა და კოოპერატივში სახელწოდებით „საჩვენებელ საფუტკრეში“ გააერთიანა. ახლო მომავალში, შესაძლოა კოოპერატივმა თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანაზეც იფიქროს, თუმცა ამისათვის თითოეული წევრის მიზანი საქმიანობის გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
„საჩვენებელ საფუტკრეში“ 15 წლიანი გამოცდილების მქონე მეფუტკრეცაა გაწევრიანებული. ზაზა ივანიძის თქმით, კოოპერატიული მეურნეობის შექმნა საქართველოში სოფლის მეურნეობას წინ წაწევს, ხოლო ფერმერებს საშუალებას მისცემს საკუთარი საქმიანობა მნიშვნელოვნად გააფართოვონ. ზაზა ივანიძე მიიჩნევს, რომ კოოპერატიული მეურნეობა რომელიც სოფლებში იქმნება, მხოლოდ დოკუმენტზე არ უნდა დარჩეს და გლეხებმა აღნიშნული პროექტი სწორად უნდა გამოიყენონ.
იმისათვის, რომ კოოპერატივმა წარმატებით იმუშავოს, საჭიროა, ფერმერებმა მისი მნიშვნელობა სწორად გაიგონ – მიაჩნიათ ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურში. გურამ ჯინჭველაძის თქმით, გლეხის მთავარი ინტერესი საქმიანობის გაფართოება და ქვეყანაში დოვლათის შექმნა უნდა იყოს. აღნიშნული კუთხით კი სახელმწიფომ და კონკრეტულად სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება უნდა მოახერხოს.
ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი – 164 კოოპერატიული გაერთიანება სამცხე–ჯავახეთშია რეგისტრირებული. აქედან ახალციხეში 75 კოოპერატივია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი თქმით, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მეტი ტექნიკა გასცა. ნანა ზუბაშვილის თქმით, კოოპერატიული მეურნეობა საშუალებას მისცემს გლეხებს, ქვეყანა საკუთარი პროდუქციით უზრუნველყონ. ამიტომ სამმართველოს უფროსი ფერმერებს აღნიშნული კუთხით უფრო მეტ დაინტერესებას და გააქტიურებას ურჩევს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ ახლო მომავალში კოოპერატიული გაერთიანებებისათვის სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდება. მათივე მტკიცებით, აქცენტი იმ ფერმერებზე გაკეთდება, რომლებიც საკუთარი პროდუქციის გაუმჯობესებასა და ევროპულ ბაზარზე გასვლას ცდილობენ.