მუგარეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება. ლაბორატორიული გამოკვლევებით, სოფელში ორი სახის დაავადების – ემკარისა და პასტერელოზის არსებობა დადასტურდა. ადგილობრივებმა ანტიბიოტიკებით მკურნალობა თვითნებურად ჯერ კიდევ ინფექციების დადასტურებამდე დაიწყეს. მუგარეთელები ამბობენ, რომ დახოცილი და დაავადებული საქონლის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მათივე თქმით, ამ დროისათვის სოფელში 15–მდე პირუტყვი დაიხოცა, ხოლო 20–მდე დაავადებულია.
მუგარეთელები აბობენ, რომ ინფექცია სოფელში დაახლოებით, ორი კვირის წინ გავრცელდა. პირუტყვმა, თავდაპირველად, კვება შეამცირა, შემდეგ კი კიდურები და ზურგი შეუსივდა. დაახლოებით, ხუთი საათის შემდეგ კი ცხოველები დაიხოცნენ. პირუტყვის ხორცი მათ გამოსაკვლევად ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში მიიტანეს, თუმცა მაღალი გადასახადის გამო, მასალის გამოკვლევა ვერ შეძლეს.
ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ემკარზე მასალის გამოკვლევა 50 ლარი ჯდება, პარტერელოზის – 40. თანხის გადახდა ფერმერებს საკუთარი სურვილით მიმართიანობის შემთხვევაში უხდებათ. ლაბორატორიის მენეჯერი განმარტავენ, რომ აღნიშნული ფასები სახელმწიფოს მიერაა დაწესებული. ნანა განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიას სურსათის ეროვნული სააგენტო მიმართავს, გამოკვლევები უფასოა. ამისთვის კი მოსახლეობამ ცხოველთა დაცემის შესახებ, სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს უნდა შეატყობინოს.
ემკარისა და პასტერელოზის საწინააღმდეგო ვაქციაცია მოსახლეობამ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თავად უნდა ჩაატაროს. სახელმწიფო არც აღნიშნულ დაავადებებზე მკურნალობას ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსმა გლეხებს რეკომენდაცია მისცა, კერძო ვეტერინარი დაიქირავონ, რომელიც საქონელს შესაბამის მკურნალობას ჩაუტარებს, გარდა ამისა, მოახდინონ სადგომების დეზინფექცია.
თემის შემადგენლობაში 45 სოფელი და ქალაქი ვალე შედის. მუნიციპალიტეტს ამ დროისათვის რვა ვეტერინარი ემსახურება. ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც სამი სოფელი მუგარეთი, ფერსა და გიორგიწმინდა ერთიანდება, ვეტერინარი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივები დახმარებას საქმის შედარებით კარგად მცოდნე თანასოფლელებს სთხოვენ. კერძო ვეტერინარის დაქირავება დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად ოჯახს ერთ სულზე ორ ლარამდე უჯდება. ოღონდ ამ შემთხვევაში, აცრების ჩატარების სურვილი გარკვეულმა ჯგუფმა უნდა გამოთქვას.
მუგარეთის მკვიდრები ირწმუნებიან, რომ პირუტყვი გაზაფხულზე კომბინირებული ვაქცინით აცრეს. განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება კი ერთი წლის განმავლობაში არ შეიძლება. ამის მიუხედავად, დაავადებებზე აცრილი პირუტყვი მაინც იხოცება. ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მედიკამენტმა არ იმოქმედა.
იმის შანსი, რომ მედიკამენტი უხარისხო აღმოჩნდეს, ერთი პროცენტია – ამბობენ ვეტერინარიულ აფთიაქებში. სასოფლ–საკონსულტაციო სამსახურის კონსულტანტის თქმით, პირუტყვის დაავადების მიზეზი შესაძლოა, მედიკამენტების არასწორი გამოყენება იყოს.
ამ დროისათვის სოფელ მუგარეთში დაავადებულ ცხოველებს კვლავ ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ამბობენ, რომ ლოდინის მეტი არაფერი დარჩეენიათ. დაავადებული პირუტყვი საქონლის სადგომებისაგან იზოლირებული ჰყავთ, დახოცილ ცხოველებს კი მარხავენ. მუგარეთელები ხელისუფლებას ყურადღების მიქცევასა და დახმარებას სთხოვენ.