მუგარეთში საქონლის დაავადება ემკარი და პასტეროლოზია გავრცელებული. სოფელში ორი სახის ინფექციის არსებობა ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა. საჭირო მასალა დახოცილი ცხოველებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ აიღო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 20-მდე პირუტყვი უკვე დაიხოცა, 50 ათამდე კი დაცემულია. ისინი საქონელს, ამ დრომდე, მედიკამენტებით თვითნებურად მკურნალობენ.
მუგარეთელები ამბობენ, რომ დახოცილი და დაავადებული საქონლის რიცხვი დღითიდღე იზრდება, ამიტომ ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
სპეციალისტთა განმარტებით, თუ ცხოველს ემკარი ან პასტერელოზი აღმოაჩნდა, მისი იზოლაცია აუცილებლად უნდა მოხდეს. დაავადებული ცხოველისგან მიღებული რძე, სხვა ცხოველების საკვებად, პასტერიზაციის შემდეგ გამოიყენება. საქონლის დაკვლა და ხორცის გამოყენება დაუშვებელია. დაავადებით დაცემულ ცხოველებს წვავენ და ორი მეტრის სიღრმეზე მარხავენ .