სოფელ მუგარეთში საქონლის დაავადებაა გავრცელებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ 20-მდე პირუტყვი უკვე დაიხოცა, 50 ათამდე კი დაცემულია. ისინი საქონელს მედიკამენტებით მკურნალობენ, თუმცა რა ინფექციითაა დაავადებული პირუტყვი, არ იციან. მუგარეთელები ამბობენ, რომ დახოცილი და დაავადებული საქონლის რიცხვი დღითიდღე იზრდება. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ჩადუნელების ოჯახი ერთ-ერთია სოფელ მუგარეთში, ვისაც პირუტყვი დაეხოცა. გერონტი ჩადუნელის თქმით, ამჟამად ერთი ხბო ჰყავს დაავადებული და მედიკამენტებით თავად მკურნალობს, თუმცა არ იცის პირუტყვი რა ინფექციითაა დაავადებული. მუგარეთის მკვიდრი ამბობს, რომ ცხოველის ხორცი გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მიიტანა, თუმცა მაღალი გადასახადის გამო, მისი გამოკვლევა ვერ მოახერხა. მუგარეთელები აბობენ, რომ ინფექცია სოფელში ორ კვირაზე მეტია რაც გავრცელდა. მათივე თქმით, დაავადებულ პირუტყვს კვების შემცირება, ასევე კიდურებისა და ზურგის შესიება ახასიათებს. შესაძლოა, სიმპტომების გაჩენიდან ორ საათში საქონელი დაიხოცოს კიდეც. მუგარეთელები აბბობენ, რომ სოფელში ვეტერინარი ამ დრომდე არ გამოჩენილა, დაავადებული და დახოცილი პირუტყვის რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში გავრცელებული დაავადების შესახებ ცნობილია სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსათვის. ხელმძღვანელი ლია ბექაური ამბობს, რომ სამმართველოს თანამშრომლები სოფელში უკვე იმყოფებოდნენ და ანალიზებიც აიღეს. მისივე თქმით, მუგარეთში, სავარაუდოდ, დაავადება ემკარი ან პასტეროლოზია გავრცელებული. ლაბორატორიული კვლევის დასკვნას ლია ბექაური ორ–სამ დღეში მიიღებს.
მუგარეთის მაცხოვრებლების თქმით, ამ დროისათვის სოფელში 20 -მდე პირუტყვი დაიხოცა, 50-მდე კი დაავადებულია. პირუტყვი, რომელსაც მკურნალობას უტარებენ, საქონლის სადგომებისაგან იზოლირებული ჰყავთ, დახოცილ ცხოველებს კი მარხავენ. ადგილობრივები ირწმუნებიან რომ ინფექციის მთელს სოფელში გარცელების საშიშროება არსებობს. მუგარეთელები ხელისუფლებისაგან ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ.