მესხი ფერმერები ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადებიან. ადგილობრივები ინფრასტრუქტურის შეცვლასა და პროდუქციის გაუმჯობესებას ცდილობენ.
თამაზ კაპანაძე სოფელ ურავლის მკვიდრია. იგი 24 წელია რაც ფერმერულ მეურნეობას მისდევს. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი ხელით აშენებულ საკალმახეს ფლობს და ხუთ ტონამდე თევზს უვლის. იგი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და დამატებით 30 აუზის მშენებლობას აპირებს. ფერმერის მიზანს პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა წარმოადგენს. თამაზ კაპანაძე არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ გლეხებს ხელი სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს.
საკალმახე მეურნეობის გარდა, 57 წლის ფერმერი მეფუტკრეობასაც მისდევს. დღეისათვის, ორ ტონამდე თაფლს წურავს. საქმიანობის გაფართოვებასა ამ კუთხითაც გეგმავს. პროდუქციის საზღვარგარეთის ბაზარზე გატანის მიზნით, ფერმერი ცდილობს, მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს და ახალ რეგულაციებს ფეხი აუწყოს.
ევროკავშირის ბაზრის დაინტერესებას, მესხი მეღვინეც ცდილობს. გიორგი ნათენაძემ ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა დაიწყო, რათა ტერიტორიაზე უძველესი 24 ჯიშის ადგილობრივი ვაზი დარგოს და ტრადიციული მეთოდებით მოუაროს. მიუხედავადი იმისა, რომ შედეგი სამ წელიწადში იქნება, გიორგი ნათენაძე თვლის,რომ ევროპის ბაზარზე მესხური ღვინო საპატიო ადგილს დაიკავებს.
ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად, ემზადება სოფელ ბენარაში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერიც. გიორგი ჩილაშვილი მესაქონლეობას მისდევს და ყველსა და რძეს აწარმოებს. დღეისათვის 40 სულ პირუტყვს უვლის. მისი აზრით, ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანას ფერმერები ინდივიდუალურად ვერ შეძლებენ.
მესხეთს აქვს იმისი პოტენციალი, რომ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანა მოხდეს, ამბობენ სამცხე–ჯავახეთის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურში. სპეციალისტები ადგილობრივებს საკუთარი საქმიანობის გაფართოვებასა და პროდუქციის ბრენდირებას ურჩევენ.
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების უმნიშვნელოვანეს ნაწილს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმება წარმოადგენს. იგი საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნის საშუალებას აძლევს. მესხი ფერმერები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ პროცესში მათი წვლილი აუცილებლად აისახება: ევროპის ბაზარზე ადგილობრივ პროდუქციას ერთ–ერთი პირველები გაიტანენ და ამით სხვა ფერმერებსაც სტიმულს მისცემენ.