რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი - კიდევ რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული ატამი და ვაშლატამა?
25 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 12,556 ტონა შეადგინა - წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (14,906 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,202 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (99 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (74,0 ტონა), სლოვენიისა (57,3 ტონა), და სინგაპურის (0,04 ტონა) რესპუბლიკებში.
მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.