სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთში მოსავლის აღების პროცესს დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.
რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან დაიწყო და შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვირთარების სააგენტოს ინფორმაციით, ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის 25 ერთეული კომბაინია ჩართული.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა აქტიურადაა ჩართული ქვეყნის მასშტაბით მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღებაში, გარდა ამისა ჩვენ თანდათანობით ვნერგავთ ახალ ჯიშებს, იცით რომ მიღებულია კანონმდებლობა სათესლე მასალის გამოცდასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ფერმერებს შევთავაზოთ უკვე გამოცდილი ჯიშები ხორბლის, ქერის თუ სხვა მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით" - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 1,500 -მდე ჰექტარს, ხოლო ქერის - 5,000 ჰა-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარი, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარია.