სოფლის მეურნეობა
ნინოწმინდის თაფლი - ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა რეესტრში
გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში, სამცხე ჯავახეთიდან „ტენილის“, „მესხური ჩეჩილის“, „ბორჯომის“, „მიტარბის“ და „ახალქალაქის კარტოფილის“ შემდეგ, ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატა - „ნინოწმინდის თაფლი“. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია, რომელიც განპირობებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით, აღიარებულია სახელმწიფო დონეზე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ, საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი „ნინოწმინდის თაფლის“ რეგისტრაციის მოწმობას. ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა მწარმოებელ კოოპერატივ „კოდის “ წევრებს, რომლებმაც შეიტანეს განაცხადი „ნინოწმინდის თაფლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციაზე. კოოპერატივის დამფუძნებელი ფერმერი გიორგი მერაბიშვილია, რომელიც წლებია თაფლს აწარმოებს.
„ნინოწმინდის თაფლი“ გროვდება ივნისი-ივლისის პერიოდში სუბალპურ და ალპური ზონის ველის მცენარეებიდან. ამ პერიოდში შესაძლებელია საფუტკრის ერთი განლაგების წერტილიდან მოსავალი მივიღოთ 2-3 ჯერ, რის გამოც თაფლი შეიძლება იყოს სხვადასხვა შეფერილობის - ღია მოყვითალო, ან თითქმის უფერო, იშვიათ შემთხვევაში წაბლისფერი“, - წერია რეგისტრაციის დოკუმენტში.
საქპატენტის ინფორმაციით, ამ დროისთის განსაზღვრულია და კვლევის პროცესშია პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნები: ახალციხის კარტოფილი, სამცხე-ჯავახეთის ძროხის ხორცი, ნინოწმინდის ფოკის ყველი, ახალციხის, წაღვერის და აბასთუმნის თაფლი, ახალქალაქის და ტაბაწყურის სტაფილო, ვალეს კომბოსტო და მესხური ალკოჰოლური სასმელები.
„სია, როგორც ხედავთ, გრძელია და მრავალფეროვანი და, ვფიქრობ, საქართველოს ინტელეტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის დელეგაციას, კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ამ უნიკალურ მხარეში ჩამოსვლა და საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება“, - განაცხადა საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ.
გეოგრაფიული აღნიშვნა საქართველოში უკვე 53 პროდუქტს აქვს მინიჭებული.
გააზიარეთ :