იმისათვის, რომ მეფუტკრეობა განვითარდეს და თაფლი სტანდარტების სრული დაცვით იწარმოოს, სახელმწიფო ფერმერებს კოოპერატივის შექმნას სთავაზობს. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, გაერთიანებისათვის მეფუტკრეებს სხვადასხვა შეღავათს ჰპირდება. კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ 100–მდე სკა დაბალ ფასად შეიძინონ, სახელმწიფო კი მას თანხის 70–% აუნაზღაურებს.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გაიმართა. მას ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერები დაესწრნენ.შეხვედრაზე მეფუტკრეობაში არსებული პრობლემური საკითხებიც გაჟღერდა. სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად მოხდება.
საქართველოში, დაახლოებით, 1 100 კოოპერატივია, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, აქედან, 80–მდე მათგანი კონკრეტულად მეფუტკრეობას მოიცავს. ამ ეტაპზე, სამცხე–ჯავახეთში ასეთი 18–მდე კოოპერატივია შექმნილი, ახალციხეში კი სამი.