თამაზ კაპანაძე ურაველში ცხოვრობს. იგი საკალმახე მეურნეობას, დაახლოებით, 24 წელია მისდევს. როგორ დაიწყო ფერმერმა საქმიანობა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – თამაზ კაპანაძის ისტორია „ფერმერის საათის“ რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”.
თამაზ კაპანაძეს 24 წელია რაც ფერმერულ მეურნეობას მისდევს. იგი სოფელ ურავლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი ხელით აშენებულ საკალმახეს ფლობს და ხუთ ტონამდე თევზს უვლის. ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობა მისი ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშეც არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნია.
თამაზ კაპანაძე საკალმახე მეურნეობაში 1990 წლიდან ჩაერთო. თავდაპირველად რამდენიმე აუზი ჰქონდა. დღეს უკვე საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და 30 აუზის მშენებლობას აპირებს. მისი თქმით, ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის მას გარემო პირობები ხელს უწყობს. თუმცა, იმისათვის რომ მცირე მეწრამეებმა საკუთარი საქმიანობა განავითარონ, ამისათვის სახელმწიფოსაგან ხელის შეწყობაა საჭირო.
საკალმახე მეურნეობის გარდა, 57 წლის ფერმერი მეფუტკრეობითაცაა დაინტერესებული. თავდაპირველად, მას 90 ძირი ჰყავდა, თუმცა დაავადების გავრცელების გამო, ფუტკარის ნაწილი დაიხოცა. დღეისათვის, დაახლოებით, ორ ტონამდე თაფლს წურავს. ფუტკარს, რომ განსაკუთრებული მოვლა–პატრონობა სჭირდება, ამას თამაზ კაპანაძეც ადასტურებს, ამიტომ მას საქმიანობაში 24 წლიანი გამოცდილების მქონე მეფუტკრე ეხმარება.
57 წლის ფერმერის კომპლექსური მეურნეობა, 48 ძირი ფუტკრისა და კალმახის 4 აუზის გარდა, 31 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და 1 000 ძირ ხეხილის ბაღს შადგენს. იგი, ამ ეტაპზე სხვადასხვა ჯიშის ვაშლის, თაფლის, რძის პროდუქტებისა და თევზის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან უნდა გადაიდგას, რეალიზაციის პრობლემის აღმოფხვრა კი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.
თამაზ კაპანაძე, სამომავლოდ, საკუთარი წარმოების პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. მისი თქმით, ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერით, ქვეყანას საშუალება მიეცა თავისუფალი სავაჭრო სივრცე აითვისოს და პროდუქცია საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიტანოს. ამიტომ ფერმერი ცდილობს, მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს და ახალ რეგულაციებს ფეხი აუწყოს.
57 წლის ფერმერის საქმიანობას ურაველში თანასოფლელები აფასებენ. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თამაზ კაპანაძე სოფელში სამაგალითო ადამიანია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მას სხვა დამწყები ფერმერებიც მიბაძავენ და საკუთარ საქმიანობას სოფელს დაუკავშირებენ.
თამაზ კაპანაძე მოსახლეობას სოფლის მეურნეობით დაინტერესებას ურჩევს და აღნიშნავს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს აღნიშნული კუთხით განვითარდეს. ამიტომ 57 წლის ფერმერი თავის საქმიანობის გაფართოვებას, განვითარებას და ახალი მეურეობების დაწყებას გეგმავს.