მთის კალთებზე შეფენილი, ხელოვნურად დაბაქნებული ჰექტრობით ტერიტორია, რომელიც მთელ საქართველოში უნიკალური არქიტექტურული ნიმუშია, მალე ძველ იერსახეს დაიბრუნებს. მეღვინე გიორგი ნათენაძე, ბიზნესპარტნიორებთან ერთად ასპინძაში, მესხური ტერასების 23 ჰექტრის აღდგენასა და 14 სახეობის მესხური ვაზის დარგვას გეგმავს.
მესხური ტერასების აღსადგენად გიორგი ნათენაძე ორ პარტნიორთან
ერთად სამი წლის განმავლობაში იზრუნებს. ამბობს, რომ ტურიზმის
განვითარების გარდა, პროექტი დასაქმების კუთხითაც
მნიშვნელოვანია. მარნების მშენებლობაში, მესხური ვაზის ნერგების
დარგვასა და ყველა იმ საქმიანობის შესასრულებლად, რომელიც ძველი
იერსახის აღსადგენად არის საჭირო ადგილობრივი მოსახლეობა
ჩაერთვება.
მზის სხივებით გამთბარი გარემო და მცირე წყლით დიდი რაოდენობის
ფართობის მორწყვა – მესხური ტერასების უნიკალურობა ნუგზარ თათეშვილის
აზრით სწორედ ამაში მდგომარეობს. ექსპერტი სოფლის მეურნეობის
საკითხებში მესხური ტერასების აღდგენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
გიორგი ნათენაძე ტერასების აღდგენით, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მეღვინეობის სფეროში ჩაერთო და ვაზის ძველი მესხური ჯიშების შეგროვება დაიწყო. ახალგაზრდა ფერმერი, ამ ეტაპზე სამი სახეობის ადგილობრივ ღვინოს აწარმოებს, რომლის ეტიკეტირებასაც საკუთარი დიზაინით ახდენს.
პროექტის ავტორებისა და სპეციალისტების აზრით, მესხური ტერასების აღდგენა სამცხე–ჯავახეთში აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.