გრიგოლ ვეშაგური, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში ცხოვრობს, რამდენიმე ათეული წელია მეფუტკრეობას მისდევს. როგორ დაიწყო გრიშა პაპამ ფურტკრის მოვლა, რა პრობლემებს წააწყდა გზადაგზა და რას გეგმავს სამომავლოდ – 84 წლის გრიგოლ ვეშაგურის ისტორია „ფერმერის საათის“ სპეციალურ რუბრიკაში „წარმატებული ფერმერი“.
სოფელ ხეოთში მცხოვრებმა გრიგოლ ვეშაგურმა, მეფუტკრეობა გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან დაიწყო. ამბობს, რომ ვიდრე 100 ძირამდე ფუტკარს მოიშენებდა, რთული გზა გამოიარა. 65 წლის წინ თავდაპირველად ორი ძირი სოფელ სვირიდან გადმოიყვანა და მისი გამრავლება დაიწყო. როდესაც საბჭოთა კავშირის დროს, კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახდა, მეფუტკრეობისათვის ნაკლები დრო დარჩა. მიუხედავად ამისა, მათი მოვლა–პატრონობა არ შეუწყვეტია. რთულად ახსენდება მე–20 საუკუნის 90–იანი წლებიც, რა დროსაც ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, იძულებული გახდა ფუტკრის მოშენება შეეწყვიტა. შედეგად, მას 50–დან მხოლოდ ორი ძირი ფუტკარი დარჩა. მოგვიანებით საყვარელი საქმიანობა ისევ თავიდან დაიწყო. გრიშა პაპა ახლა 84 წლისაა, თუმცა ფუტკრებს ისევ ისეთი მონდომებითა და ხალისით უვლის, როგორც ამას ნახევარი საუკუნის წინ აკეთებდა.
მეფუტკრეობა ვეშაგურების ოჯახის ერთ–ერთი ძირითადი შემოსავალია. ფუტკრის მოვლასა და თაფლის დაწურვაში ოჯახის თითქმის ყველა წევრია ჩართული. ამ საქმიანობაში გრიშა ვეშაგურს უკვე წლებია, მეუღლე ეხმარება და 100 ძირი ფუტკრის მოვლის პროცესს დღესაც ერთად უძღვებიან.
წარმატებული ფერმერი „მეცხრე არხის“ მაყურებელსა და დამწყებ მეფუტკრეებს რჩევებს აძლევს. გრიშა პაპა ამბობს, რომ პირველ რიგში საჭიროა ფუტკარს დროულად დაეხმარო. ერთ სკაში მხოლოდ ერთი დედა ფუტკარია და მას მოფრთხილება სჭირდება. რადგან თუ ეს უკანასკნელი დაიღუპა, შესაძლოა მთლიანი ძირი გადაშენდეს. ფერმერის თქმით, ფუტკრის მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარებს ადრეულ გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.
მიუხედავად იმისა, რომ გრიშა ვეშაგურის ოჯახმა ფუტკრის მოვლასა და თაფლის წარმოებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, სირთულეებზე მაინც საუბრობს. მათთვის მთავარ პრობლემას პროდუქტის სარეალიზაციოდ ბაზრის არარსებობა წარმოადგენს. ეთერ მაღრაძე განმარტავს, რომ ოჯახი თაფლს ნათესავების დახმარებით ჰყიდის. მისივე თქმით, ადგილი ან საწარმო იმისათვის, რომ პროდუქტი ერთდროულად ჩააბარონ, არ არსებობს. ეთერ მაღრაძე იმედს ევროპის ბაზარზე ამყარებს, რადგან ფიქრობს, რომ პროდუქტის გატანას ქვეყნის ფარგლებს გართაც შეძლებენ.
თაფლის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სფეროში მომუშავე ექსპერტებიც საუბრობენ. ზურაბ სადათიერაშვილი განმარტავს, რომ სამცხე–ჯავახეთში ფუტკრის მოშენებამ და გამრავლებამ იმატა, თუმცა, ეს პროდუქტის ზრდაზე არ ასახულა, რადგან მეფუტკრეობა მარტივი არ არის და ფუტკრის მოვლასა და პროდუქტის მიღებას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. მეფუტკრეს მიიჩნევს, რომ თაფლის რეალიზებამ ადგილი ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა დაიმკვიდროს, შემდეგ კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდეს. ზურაბ სადათიერაშვილის თქმით, ევროპაში თაფლის რეალიზაციის კუთხით, საქართველო და მათ შორის სამცხე–ჯავახეთი მზად არ არის.
ექსპერტების პესიმიზმის მიუხედავად, გრიშა პაპა ფიქრობს, რომ რეალიზაციის კუთხით სიტუაცია, პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანის შემდეგ, მნიშვნელოვნად გამოსწორდება. დღეისათვის კი ერთი კილოგრამი თაფლის ფასი 8 ლარიდან იწყება და 12 ლარამდე მერყეობს. ღირებულების ცვალებადობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ კილოგრამ თაფლს მიიღებს წელიწადში. კარგი გარემო პირობების შემთხვევაში, უხუცესი მეფუტკრე 100 ძირი ფუტკრიდან წელიწადში ორ ტონაზე მეტ ნატურალურ პროდუქტს იღებს.