ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში საქონლის დაავადება პასტერელოზია გავრცელებული. აღნიშნულის შესახებ მედიასთან, სოფლის დეპუტატმა ტარიელ ტაბატაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში, სოფელში, დაახლოებით, 50 სული პირუტყვი დაიმარხა.
ინფექციური დაავადება, შინაურ ცხოველებს მთაში აღმოაჩნდათ, რის გამოც მოსახლეობამ პირუტყვი სოფელში ჩაიყვანა. დეპუტატი ამბობს, რომ ადგილობრივები საჭირო მედიკამენტს საკუთარი სახსრებით ყიდულობენ. ერთი სულის ვაქცინაცია კი 20 ლარი უჯდებათ. ფინანასური მხარის გარდა, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს მედიკამინტის დეფიციტიც. მათ პრეპარატის ჩამოტანა დედაქალაქიდან უხდებათ.
სოფელში დაავადების გავრცელება ,,მეცხრე არხს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც დაუდასტურეს. სამცხე–ჯავახეთის რეგტიონული სამმართველოს უფროსის თქმით, პასტერელოზი განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ნუსხაში არ შედის, ამიტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი მკურნალობა არ ხდება. პირუტყვის ასაცრელად, პატრონმა ვეტერინარი თავად უნდა დაიქირავოს.
|