სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში ხეხილი და ნათესები მოყინა
11 მაისს, გამთენიისას, სამცხე-ჯავახეთში ძლიერი ყინვა დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურა მაღალ მთაში -6 გრადუსამდე დაეცა. უამინდობის შედეგად მოიყინა ხეხილი და ნათესები.
„კარტოფილი კარგად იყო ამოსული, მთლიანად მოყინულია. ვენახი, კაკალი, ვაშლი, ბალი - წელს აღარ გვექნება. ჭანჭურს ისედაც ცოტა ესხა და ახლა ბოლომდე გაანადგურა“, - ამბობენ ასპინძაში.
ალექსი გრიგალაშვილის მიერ, ხეხილის გადარჩენის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა ახალციხის სოფელ ურაველში.
„ორი ღამე ვუხრჩოლებდი ნახერხს, ვაზი გადავარჩინე და ხეხილმა ვერ გაუძლო, კაკლის, ბლის, ალუბლის, ვაშლის, ქლიავის ხეები და მოცხარის ბუჩქები გამინადგურა თითქმის სრულად. ისეთი ძლიერი ყინვა იყო, კვამლმა ვერაფერი უშველა“, - ამბობს ალექსი გრიგალაშვილი.
ალექსი გრიგალაშვილის ფოტო
სოფლის მეურნეობის სპეციალისტების თქმით, ღამით ცეცხლის ანთებამ ხეხილის ნაწილი გადაარჩინა, განსაკუთრების იქ, სადაც ტემპერატურამ -2 გრადუსამდე დაიწია. გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ყინვა ნინოწმინდასა და ახალქალაქს არ შეეხო, რადგან ჯავახეთში კარტოფილი ამოსული არ არის.
„ადიგენის ბევრი სოფელია ძალიან დაზარალებული, ახალციხეში ალაგ-ალაგ მოყინა. სხვილისიდან ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საინტერესოა რა მოხდა იქ, რადგან კარტოფილიც ამოსულია და ხეხილიცაა მანდ“.
სპეციალისტების თქმით, ჯავახეთში ივნისის ყინვაა საშიში, როცა ნათესები ამოსულია და ტემპერატურის ვარდნა ფერმერებს მნიშვნელოვნად აზარალებს.
გააზიარეთ :