ბოლო მონაცემებით, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ბრუცელოზის 42 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ „მეცხრე არხს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა. ნანა ზუბაშვილის თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგიონის მასშტაბით, 450-ზე მეტი სინჯი აიღო, საიდანაც ერთი შემთხვევა ადიგენის სოფელ დერცელში, ხოლო დანარჩენი – ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, რუსთავსა და ოშორაში დაფიქსირდა.
გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში, საქონელში ემკარისა და პასტეროლოზის შემთხვევებიც გამოვლინდა, თუმცა ვეტერინარის დროული ჩარევის შემდეგ, ინფექციები სხვა პირუტყვზე არ გადასულა.
ნანა ზუბაშვილის განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტო პირუტყვის სხვადასხვა დაავადებაზე სინჯებს ყოველთვიურ იღებს, მონაცემები კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს ეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ ბრუცელოზი ზოონოზური ინფექციურ-ალერგიული დაავადება, რომელიც შინაურ ცხოველში ვლინდება. ასევე პირუტყვის დაავადებაა ემკარი და პასტეროლოზი, რომელიც ცხოველში მაღალი ტემპერატურითა და მოდუნებით გამოიხატება.
|