სოფლის მეურნეობა
ახალქალაქის სოფელ ბეჟანოში საქონელი დაიხოცა - მიზეზი უცნობია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში 20-მდე ძროხა მოკვდა, 30 კი თავად სოფლის მოსახლეობამ დაკლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა მკვდარი ცხოველების ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის უკვე აიღეს. როგორც მოსახლეობა ამბობს, წინასწარი მონაცემებით, პრობლემა ძროხის საჭმლის მომნელებელ სისტემას უკავშირდება. ადგილობრივების აზრით, ცხოველები შეიძლება ბალახს ან წყალს მოეწამლა.
„ასეთი შემთხვევა ჩვენს სოფელში არ ყოფილა. ხალხში შიში ჯერ კიდევ არის, მაგრამ ძროხები საძოვრებზე გაჰყავთ, რადგან ინექციები გაუკეთეს. დახოცილი ძროხების ნახევარი დავმარხეთ, დარჩენილი ხორცი კი მეზობლებს გავუნაწილეთ“, – ამბობს სარგისი, ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა ამბობს, რომ ამ შემთხვევამ ხორცის ფასზეც იმოქმედა, რადგან მათ შინაური პირუტყვის დაავადების შიშით, საქონლის მასობრივი დაკვლა დაიწყეს, რის შედეგადაც ხორცის ფასი დაეცა.
„ხალხს ეშინია და საქონელს ნაჩქარევად ყიდის, მყიდველები კი ამ ფაქტს ფასის კიდევ უფრო დასაწევად იყენებენ. უსაფრთხოების მიზნით, სოფელში ყველა ძროხას უკვე გაუკეთეს ის წამალი, რომელიც საკუთარი სახსრებით ვიყიდეთ. წამალი დაახლოებით 4-5 ლარი ღირდა. აფთიაქებში ვეღარ იპოვით, მთელი პარტია გაყიდულია“, – აღნიშნავს სოფელ ბეჟანოს ერთ-ერთი მცხოვრები.
სოფლის ვეტერინარის საიათ ალექსანიანის ინფორმაციით, ბეჟანოში დაახლოებით 400 სული ძროხაა. მისივე თქმით, საქონლის დახოცვიდან უკვე 10 დღეა გასული.
„არსებობს წინასწარი დიაგნოზი, რომლის მიხედვითაც ძროხები მოიწამლნენ, რაც შესაძლოა გვალვის ბრალი იყოს. დიაგნოზის შესაბამისად, ყველა ცხოველს წამალი გაუკეთეს, რის შემდეგაც ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განმარტავს საიათ ალექსანიანი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, რომ სინჯები ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია და ამ დროისთვის პირუტყვის დახოცვის ზუსტი მიზეზი უცნობია.
JNEWS.GE
გააზიარეთ :