საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორაგნიზებით ახალციხეში დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელიც მიზნად ადგილობრივი მეწარმეებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის ახალი სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში”-ს გაცნობას ისახავს .
პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდაა. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საკონსულტაციო მხარდაჭერით. პროგრამა ორ მიმართულებას – სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიას მოიცავს.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები პროგრამის დეტალებზე ისაუბრებენ. ღია კარის დღეს დაესწრებიან პროგრამაში მონაწილე მხარეები -კომერციული ბანკები, მეწარმეობის განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ასევე სამხარეო ადმინისტრაციისა და მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში 13:00
საათზე გაიმართება.
სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 46 მლნ ლარია გამოყოფილი. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი 16 მლნ ლარი.