სოფლის მეურნეობა
"ევროპაში თაფლის გაყიდვების არხი ჩაგვეკეტება" - მესხი ფერმერი
ე.წ. "რუსულ კანონზე" ევროკომისიის მკაცრი პოზიციის შემდეგ, მესხი ფერმერები იმ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ, რაც შეიძლება ევროპის ქვეყნებში მათი პროდუქციის იმპორტზე აისახოს.
კოოპერატივ "კოდის" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მერაბიშვილი ამბობს, რომ თუ ევროპარლამენტი გააუქმებს იმ შეღავათებს, რითაც ქართველი იმოპრტიორები ევროკავშირში სარგებლობენ, მათი პროდუქცია - "ნინოწმინდის თაფლი - ალპიდა" ევროპის ბაზარზე გაძვირდება, კონკურენციას ვეღარ გაუძლებს და ყველაზე უარეს შემთხვევაში, ევროპაში რეალიზაცია შეეზღუდება.
"2014 წლიდან ჩვენ ვსარგებლობთ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების საფუძველზე და იქაური საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებული თაფლი. თუ ევროკომისია დაიწყებს მსჯელობას ამ შეღავათების გაუქმებაზე, ევროპაში თაფლის გაყიდვების არხი ჩაიკეტება", - ამბობს გიორგი მერაბიშვილი.
კოოპერატივის ხელმძღვანელი წლებია აწარმოებს ნინოწმინდის თაფლს და ამის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნებში თავისი პროდუქციის გატანით და პოპულარიზაციით ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზე. ამის გამო, საქართველოში მიღებული ე.წ. "რუსული კანონი" ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით მისთვის მიუღებელია.
გიორგი მერაბიშვილმა 2021 წლიდან, "ნინოწმინდის თაფლი -ალპიდას" სახელით, ლონდონის თაფლის საერთაშორისო ფესტივალზე (LHA) მონაწილეობს, საიდანაც უმაღლესი ხარისხის ჯილდოებით ბრუნდება. ფერმერი ფიქრობს, რომ თუ ე.წ. "რუსული კანონი" არ გაუქმდება, ევროპისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაიკეტება, რადგან იგი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს ე.წ "რუსული კანონი" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კანონის მიხედვით, მედიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
ე.წ "რუსული კანონის" მიღების გამო აშშ-მ, მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა. ივნისის თვეში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ევროკომისიის დოკუმენტიც, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურს სანქციებს დააწესებს, შეწყვეტს ფინანსურ დახმარებებს და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს.
დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს. დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
გააზიარეთ :