სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია 9700 მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა
2024 წლის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია 9700 მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარეს. ლაბორატორიულად გამოიკვლიეს 1098 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ნიმუში. კვლევის შედეგად, ბრუცელოზი დაუდასტურდა 67 პირუტყვს.
დაავადებული პირუტყვი ექვემდებარება სავალდებულო დაკვლას აღიარების მქონე სასაკლაოზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობითა და სანიტარიული ნორმების სრული დაცვით. პარალელურად, ცხოველთა სადგომებსა და სასაკლაოებში ტარდება დეზინფექციის სამუშაოები.
გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 130 000 სულ მსხვილფეხა და 54 000 სულ წვრილფეხა საქონელს ჩაუტარდა.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის, განსაკუთრებით რძის გამოყენებით. ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება შესაძლებელია რძის ადუღებით ან პასტერიზებით. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს. აცრების პარალელურად, ცხოველში დაავადების გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრუცელოზის სერომონიტორინგი მიმდინარეობს.