რამ გამოიწვია საგაზაფხულო ნათესების შემცირება
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში საგაზაფხულო ნათესი ფართობები მცირდება. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს ნათესი ფართობები 132.7 ათას ჰექტარს შეადგენდა. მაშინ როცა, 10 წლის წინ ქვეყანაში 216.5 ათასი ჰექტარი საგაზაფხულო ნათესი ფართობი იყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და კომპანია „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორი გელა ხანიშვილი აცხადებს, რომ საგაზაფხულო ნათესი ფართობების შემცირება, მაგისტრალების მშენებლობამ გამოიწვია -„ბოლო 10 წელია ინტენსიურად გაგვყავს მაგისტრალები, ამას შეეწირა დაახლოებით 15-20 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა."
მისივე შეფასებით, ნათესი ფართობების შემცირების მეორე მიზეზი ტურისტულ და სააგარაკე ტიპის მეურნეობებს ეხება. ხანიშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილზე ტურისტული დანიშნულების ან საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა განვითარდა.
„ინტენსიურად ვითარდება ტურისტული და სააგარაკე მეურნეობა. მაგალითად, მცხეთის რაიონსა და საგურამოში იყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ითესებოდა სიმინდი, ქერი და ა.შ. პრაქტიკულად, თბილისის გარშემო მიწების მთელი ფართობები საცხოვრებელი კორპუსების დასახლებებად და სააგარაკე თემებად გადაიქცა. ამასთან, ათასობით ტურისტული ობიექტი შენდება, რაც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მიწების დანაკარგია,“ - ამბობს ხანიშვილი.
გარდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რესპონდენტი საუბრობს სოფლის მეურნეობის კუთხით სახელმწიფო პროგრამებზეც და აღნიშნავს, რომ პროექტების ძირითადი ნაწილი მრავალწლიანი კულტურების განვითარებაზე მოდის, იქიდან გამომდინარე, რომ ის ერთწლიან კულტურებზე უფრო მეტად მომგებიანია.
„სახელმწიფო პროგრამით თითქმის 24-25 ათასი ჰექტარი ახალი მრავალწლოვანი ფართობი გაშენდა, ამის გარდა დაახლოებით 15-20 ათას ჰექტრამდე არის ახალი ვენახები. ამ ფართობებმა, ბუნებრივია, შეავიწროვა ერთწლიანი ნათესები. მაგალითად, ალაზნის პირზე, სადაც ერთწლიანი კულტურები იყო, ახლა გაშენებულია ვენახები, ხილის ბაღები, ფისტა, ნუში, ზეთისხილი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ მოხდა ახალი მიწების ათვისებაც, მაგრამ უმეტესობის ადგილზე იქამდე ერთწლიანი კულტურები მოდიოდა,“ - ამბობს ხანიშვილი.