„სოფლის მეურნეობისთვის სავალალო შედეგებს გამოიწვევს“ - ფერმერთა ასოციაცია
„გრძელვადიან პერიოდში ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკების 2028 წლის ბოლომდე შეჩერება აუცილებლად გამოიწვევს სოფლის მეურნეობისთვის სავალალო შედეგებს“, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე.
კოჭლამაზაშვილის თქმით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოს სოფლის მეურნეობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, პროცესების შეჩერებამ კი დარგში როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური დახმარებების შეჩერება გამოიწვია.
"როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დანადგარებზე სხვადასხვა საწარმოში, ეს ყოველივე შეძენილია ევროკავშირის გრანტებით. როდესაც საუბარი არის ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების შეჩერებაზე, ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ჩამოთვლილი დღის წესრიგიც ჩერდება. ფინანსებთან ერთადაც ეს პერსპექტივა (განვითარების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების) და აქამდე გაწეული სამუშაო, ფაქტობრივად, შეჩერებულია“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.