ახალციხეში ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე იმსჯელეს
ახალციხეში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.
ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობა აძლევს ფერმერს, ანალიზის შედეგების საფუძველზე,ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის. ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის, რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის.
აღნიშნული შეხვედრების მიზანი სოფლის-მეურნეობაში ჩართული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავებაა. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.