ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლები - ნიჯგორი, სარო და ხიზაბავრა დაისეტყვა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხიზაბავრასა და ნიჯგორის ნაწილში.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ძლიერმა სეტყვამ ნათესები და ხეხილი გაანადგურა.
"ძალიან რთული მდგომარეობაა. პირწმინდად მოისპო ყველაფერი. ხეებზე მხოლოდ ღეროა დარჩენილი, სეტყვამ ნაყოფთან ერთად ფოთლებიც კი გააცალა. კარტოფილი, ლობიო, სიმინდი ფაქტიურად აღარ გვაქვს. ვინც შეფარება ვერ მოასწრო, ყველას გაუფუჭა მანქანაც. 40 წლის ვარ და ასეთი ძლიერი სეტყვა ხიზაბავრაში ჯერ არ გვინახავს" – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი. დასეტყვილ ნათესებზე ჩივიან ნიჯგორშიც. სოფელში ამბობენ, რომ სტიქიამ ადგილობრივების მხოლოდ ნაწილი დააზარალა.
"ნიჯგორის შესასვლელია დასეტყვილი. ჩვენ სოფლის ამ ნაწილს ადას ვეძახით. თუთა სულ ძირს დააგო. ვაშლი და ვენახი აღარ გვაქვს. პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ჩითილები - ყველაფერი განადგურებულია. ყანაში თოვლივით დევს სეტყვა."სტიქიის ამსახველი ფოტომასალა, ხიზაბარის მკვიდრმა, ირინა დათაშვილმა მოგვაწოდა.