დღეიდან რეგიონში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
სამცხე-ჯავახეთშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, 14 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 1 და ღამით კი მინუს 7 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით მინუს 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 9. ადიგენში დღისით მინუს 3, ღამით მინუს 11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 7 , ღამით მინუს 11 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 8-ს, ღამით მინუს 17 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 8, ღამით კი მინუს 13 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 4 გრადუსი იქნება.