როდის დათბება სამცხე-ჯავახეთში
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, ხვალიდან ტემპერატურის მატება შეინიშნება, თუმცა ზოგიერთ რაიონში ნალექი მაინც დარჩება.
„დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება და შეწყდება ნალექი. ზოგიერთ რაიონში დარჩება ხანმოკლე წვიმა. ხვალ მთელ საქართველოში იქნება უნალექო ამინდი. ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს, დასავლეთში დაახლოებით +17-22 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთში +16-21 გრადუსის ფარგლებში.
გამოდარებას რაც შეეხება, ეს დღეები, 13 აპრილის ჩათვლით, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება, მაგრამ იქნება მზეც და მაღალი ტემპერატურაც" - ამბობენ სააგენტოში.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, 9 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 14, ღამით კი მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13, ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 14 გრადუსი იქნება, ღამით - მინუს 5. ადიგენში დღისით 10, ღამით კი მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 9, ღამით მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7- ს, ღამით კი მინუს 12 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 7, ღამით კი მინუს 7 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.