სამცხე-ჯავახეთში ამინდი უარესდება
24 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი უარესდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",- ნათქვამია განცხადებაში.
24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +19, +21 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.